მუდმივი წნეხი იქნება მათზე, პირობას გაძლევთ - ზალკალიანი გახელაძის უკანონო პატიმრობაზე

საქართველო, თბილისი - 17:17 | 06.02.2021
ნანახია: 470

"მუდმივი წნეხი იქნება მათზე, მე ამის პირობას გაძლევთ, ყველა ფორუმზე და ყველა ფორმატში, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს", – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონოდ დატყვევების შესახებ საუბრისას.

ზალკალიანის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა და მცდელობაა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში "დესტრუქციული ელემენტები" შემოიტანონ.

"ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომელსაც მივმართავდით ჩვენ წინა მსგავსი უკანონო ქმედებების დროს. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა და მცდელობა, რომ ეს დესტრუქციული ელემენტი შემოიტანონ, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, გახადონ ის საქართველოზე ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გავლილი არის. ჩვენ არაერთი მსგავსი მაგალითი გვინახავს ამის და ვიცით, რა ხერხებით დავუპირისპირდეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მე ამის პირობას გაძლევთ". – ამბობს ზალკალიანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე