აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

საქართველო, თბილისი - 13:40 | 04.02.2021
ნანახია: 483

ექვსმა ამერიკელმა სენატორმა აშშ-ის კონგრესში შეიტანა კანონპროექტი რუსი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით.

დემოკრატებმა კრის კუნსმა, ბენ კარდინმა, კრის ვან ჰოლენმა, დიკ დუბრინმა და რესპუბლიკელებმა მით რომნიმ და მარკო რუბიომ წარადგინეს კანონპროექტი მავნებლური საქმიანობის გამო რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ. ინფორმაცია რუბიოს ვებგვრდზე ვრცელდება.

სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართავენ, გარკვიოს დაარღვია თუ არა კრემლმა კანონები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ დადასტურდება, რომ გარკვეულმა რუსმა ჩინოვნიკებმა დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, მათ წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს.

ასევე, დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა, კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება იმ პირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ნავალნის მოწამვლაზე. ამ პირების მიმართ სენატორების აზრით, უნდა დაწესდეს სანქციები „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად.

აგრეთვე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს, 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან ერთად კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის გარემოებების შესახებ.

ამის გარდა, სენატორები მოითხოვენ მოხსენების შედგენას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის წევრების აქტივების შესახებ.

კანონმდებლები ასევე მოითხოვენ, რომ სახელმწიფო მდივანმა მტკიცედ მოუწოდოს გერმანიას უარი თქვას პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მხარდაჭერაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე