დემოკრატიის ინდექსში საქართველომ უკან დაიხია

საქართველო, თბილისი - 10:54 | 04.02.2021
ნანახია: 528

ჟურნალმა Economist-მა 2020 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა.

დემოკრატიის ინდექსი 5 კატეგორიას ემყარება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური კულტურა.

5 კატეგორიის 60 ინდიკატორზე დაყრდნობით, მსოფლიოს სახელმწიფოები კლასიფიცირდება 4 სხვადასხვა ჯგუფად: სრული დემოკრატია, არასრულყოფილი დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

დემოკრატიის ინდექსი მსოფლიოს 167 ქვეყნის დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო 91-ე ადგილზე მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პოზიცია გასულ წელთან შედარებით გაუარესდა, 2019 წლის ანგარიშში საქართველო 89-ე პოზიციაზე იყო.

ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველოზე წინ არიან უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი.

რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ - ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და კანადა. ბოლო, ყველაზე უარეს 5 პოზიციას კი ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩრდილოეთ კორეა ინაწილებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე