აშშ მოუწოდებს სამხედროებს მიანმარში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები

საქართველო, თბილისი - 11:33 | 01.02.2021
ნანახია: 689

შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს მიანმარში მიმდინარე მოვლენების გამო. განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გაავრცელა.

ფსაკის განცხადებით, შეერთებული შტატები გმობს სამხედრო გადატრიალებს და მოუწოდებს სამხედროებს, რომელთაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები.

"შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ მიანმარის სამხედროებმა ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი ნაბიჯები გადადგეს და დააკავეს სამოქალაქო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. პრეზიდენ ბაიდენს აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეკ სალივანმა მიაწოდა.

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ მიანმარის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოვუწოდებთ სამხედროებსა და ყველა სხვა პარტიას, პატივი სცენ დემოკრატიულ ნორმებს, კანონის უზენაესობას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებულები.

შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგების შეცვლისა და მიანმარის დემოკრატიისკენ სვლის შეფერხების ნებისმიერ მცდელობას და ვითარება თუ არ შეიცვალა, მიიღებს საპასუხო ზომებს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მიანმარის მოსახლეობას მხარდაჭერას ვუცხადებთ, რომელთაც საკმარისზე მეტი გადაიტანეს დემოკრატიისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუჩი და სხვა მაღალჩინოსნები შეიპყრეს და ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. სამხედო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მმართველი პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გასულ კვირას ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიანმარის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნგ ჰლეინგმა, რომელიც მიანმარს ხუთი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, განაცხადა, რომ კონსტიტუციის გაუქმება შესაძლებელია, თუ კანონები სათანადოდ არ შესრულდება.

მართალია, მოგვიანებით, სამხედროებმა განმარტეს, რომ მთავარსარდლის სიტყვების მიღმა გადატრიალება არ იგულისხმებოდა და მედიამ არასწორი ინტერპეტაცია მოახდინა, ამან დაძაბულობის განმუხტვას ხელი არ შეუწყო.

დაძაბულობის პირველი კერა გასული წლის ნოემბეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღვივდა. არჩევნებში პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" გაიმარჯვა, ხოლო სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა "სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ" მხოლოდ რამდენიმე მანდატის მოპოვება შეძლო. სამხედროები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

მმართველმა პარტიამ პარლამენტის 476 მანდატიდან 396 მანდატი მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში ემართა და ჩამოეყალიბებინა მთავრობა კანცლერ აუნ სან სუჩის მეთაურობით. სამხედროების პარტიამ პარლამენტში მხოლოდ 33 მანდატი მიიღო.

სახმედროები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მოუწოდებდნენ მთავრობას, საარჩევნო კომისიას, გადაეხედა შედეგებისთვის. საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე