ნავალნის 13-წლიანი პატიმრობა ემუქრება - Bloomberg

საქართველო, თბილისი - 15:58 | 22.01.2021
ნანახია: 564

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუს ოპოზიციონერ ლიდერს ალექსეი ნავალნის მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოცემის მონაცემებით, 2 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე, შესაძლოა, პირობითი სასჯელი 3 წლითა და 5 თვით პატიმრობით შეეცვალოს. ამის გარდა, ოპოზიციონერის წინააღმდეგ 29 დეკემბერს კიდევ ერთი საქმე აღიძრა მის კორუფციასთან ბრძოლის ფონდში შემოწირულობებთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციების შესახებ. ამ საქმის თანახმად, ნავალნის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Bloomberg-ის წყრაოს ინფორმაციით, კრემლში მიაჩნიათ, რომ ნავალნი მოქმედებს დასავლეთის ქვეყნების მთავრობების დავალებით. ამის გარდა, რუსეთის ხელისუფლებას ეშინია მასობრივი საპროტესტო აქციების და შიშობს, რომ  ბელარუსის მსგავსად, გამოსვლები რუსეთშიც თვეების განმავლობაში გაგრძელდება. როგორც Bloomberg-ი წერს, კრემლში იმედოვნებენ, რომ ნავალნის მხარდამჭერი მოძრაობა მალე დაიშლება, თუ მისი ლიდერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩამოფრენის შემდეგ დააკავეს.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე