სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში “Twinning”-ის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 18:12 | 22.01.2016
ნანახია: 1463

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის  - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.

სხდომაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირისა (ავსტროკონტროლისა და ხორვატიის საავიაციო ხელისუფლების კონსორციუმი) და ბენეფიციარი ორგანიზაციის (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ხარისხის მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს მეორე კვარტალური ანგარიშით გათვალისწინებულ პერიოდში (სექტემბრიდან იანვრამდე) განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია და დადებითად შეფასდა ორივე მხარის მიერ გაწეული მუშაობა. მოწვეული სტუმრები ასევე გაეცნენ ინფორმაციას სააგენტოს მიერ სამართალშემოქმედებისა და ორგანიზაციული კუთხით განხორცილებული საქმიანობის შესახებ.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ავსტრიელი და ხორვატი პარტნიორების მიერ შესწავლილ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა წინასწარი რეკომენდაციები და ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმა და განისაზღვრა პრიორიტეტები. გარდა ამისა, ასევე დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზარზე დაშვებას, საავიაციო უსაფრთხოებას, საჰაერო მოძრაობის მართვას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ა.შ. ასევე განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცესებისა და პროცედურების პირველადი ანალიზი.

რას შეეხება სამომავლო გეგმას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირება. დაგეგმილია სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბება სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად. სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ჩამოყალიბდება პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემა, რომელიც დააკვირდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტივობებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონცეფციების, რეგულაციების, პოლიტიკისა და პროცედურების ეფექტური განხორციელება.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინტიტუციონალურ გაძლიერებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე