ეს საერთო გამარჯვებაა - გიორგი გახარია სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველო, თბილისი - 15:52 | 21.01.2021
ნანახია: 506

ეს საერთო გამარჯვებაა, ასე ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ რუსეთისთვის სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგებას.

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!", წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე