„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით შპს „გრინპაკი“ დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის

საქართველო, თბილისი - 17:21 | 22.01.2016
ნანახია: 1389

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი კომპანია შეძლებს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შპს „გრინპაკი“ 2016 წლიდან საქმიანობას ახალი ძალისხმევით შეუდგება. 

2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა  (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე არამოქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობის პროცესი თბილისში, სადაც დასაქმებულია 15 ადამიანი. საწარმოს სრულად ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა   35-40 ადამიანს მიაღწევს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია წარმოებული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში, სომხეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გეგმავს.

2014 წლის ივნისიდან დღემდე, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით დამტკიცებულია 146  საწარმოს პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა  366 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმდება 7000-ზე მეტი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე