მიგვაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე არიან - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 20:43 | 30.12.2020
ნანახია: 715

მიგვაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი არიან ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე და მათაც აინტერესებთ პროცესები სტაბილური მმართველობის, საპარლამენტო პოლიტიკის და კიდევ უფრო გაუმჯობესებული არჩევნებით გაგრძელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"საარჩევნო რეფორმა არის ის მაკონსოლიდირებელი საკითხი, რომელიც იქნება ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არის თუ არა პოლიტიკური პარტია მომავალზე ორიენტირებული და აქვს თუ არა მას დემოკრატიულობის პრინციპები. ალეკო ელისაშვილი გახლავთ ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციის შიგნიდან, რამდენად არადემოკრატიულია ეს ე.წ. გაერთიანება თავის თავში. როგორც კი ალეკო ელისაშვილმა, "გირჩის" წევრებმა თუ სხვა ოპოზიციონერებმა ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება თუ მოსაზრება დააფიქსირა, თქვენ ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო მათზე. როგორი ზეწოლა და ორკესტრირებული შეტევა იყო ოპოზიციის კონტროლირებული ტელევიზიებიდან და ლიდერებისგან, რომლებსაც, რეალურად, მიჰყავთ, ეს პოლიტიკური შანტაჟის სქემა. ამიტომ, მე მგონია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პირი, ლიდერი, აუცილებლად გამოიტანს აქედან დასკვნებს.

რაც შეეხება გიორგი ვასაძეს და თაკო ჩარკვიანს - აქაც გეტყვთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან ოპოზიციის ჯანსაღ მხარეზე და მათაც აინტერესებთ პროცესები სტაბილური მმართველობის, საპარლამენტო პოლიტიკის და კიდევ უფრო გაუმჯობესებული არჩევნებით გაგრძელდეს. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს და, შესაძლოა, სხვა მის კოლეგებსაც ოპოზიციაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, ოპოზიციამ შეიძლება ამ პოლიტიკურ დიალოგსაც ვაჭრობა დაარქვას, თუ გამოიკვეთა, რომ ეს კონკრეტული შედეგებისკენ მიდის. ჩვენ ეს ვნახეთ მაშინაც, როდესაც ოპოზიციამ შემოიტანა ისეთი საკითხები, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პოლიტიკურ მაგიდაზე დადო, ეს იყო ყველაფერი მცდელობა, რომ ჩაეშალათ და დაებლოკათ ეს მოლაპარაკებები, ესაა სიმართლე,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე