ამ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწის ნაკვეთები, ზოგს რაიონში - კალაძე აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

საქართველო, თბილისი - 15:17 | 15.12.2020
ნანახია: 676

ამ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწის ნაკვეთები, ზოგს რაიონში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახელებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი და ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია, ყველანაირად უზრუნველვყოფთ ჩვენ, ან მეორე ვარიანტია, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული პრობლემა აქვთ, სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფენ თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სანამ ის ქალაქია მერია, სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს.

"თქვენ გაქვთ აგარაკი სადმე? მიბრძანდით, ააშენეთ თქვენც, მისაღებია ეს? მოსულა? შეიძლება ამის გაკეთება? ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები, ზოგს მიწის ნაკვეთი აქვს, ზოგს რაიონში აქვს სახლი და ა.შ. კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებ, სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი და ქალაქის არჩეული მერი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს, ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვუწყობთ ხელს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროება, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. სავარაუდოდ, დაკავებულია 15-მდე პირი. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ორსული, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე