ვახტანგ კაპანაძე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში შტაბის უფროსების სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 17:28 | 21.01.2016
ნანახია: 1745

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატში შტაბის უფროსების სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში შედგა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა. სხდომის დაწყებამდე შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ჩართული ქვეყნების შტაბების უფროსების განხილვის მთავარი თემა ავღანეთში ნატოს ოპერაციის მიმდინარეობა, არსებული საფრთხეები და გამოწვევები იყო. სხდომის მონაწილეებმა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულებამდე დარჩება და მზადაა, ავღანეთში ნატოს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა 2017 წელსაც განაგრძოს.

სამხედრო კომიტეტი ივლისში, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და თავდაცვის მინისტრებს კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ სამხედრო რჩევებს წარუდგენს.

სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქცია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოსთვის სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე რეკომენდაციების წარდგენა და ნატოს სტრატეგიული სარდლებისთვის მითითებების მიცემაა.

 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე