შევეცადეთ მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე - ISFED-ის ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 13:08 | 12.12.2020
ნანახია: 496

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გუშინ, 11 დეკემბერს მათ მიერ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების შესწორებას ეხმაურება და წერს, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"ვიცი, რომ ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო ეს განცხადება. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ეს მდგომარეობა. თუმცა, ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს. სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე ასეთ მძიმე ფაქტებთან შეჯახება ცხოვრებაში და ამ დროს, ეტყობა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა მივიღოთ და როგორღაც გავუმკლავდეთ. ძალია მაღალი სტანდარტია, მაგრამ შევეცადეთ ეს მაღალი სტანდარტი დაგვეცვა და თვალი არ დაგვეხუჭა რაღაცაზე", - წერს ელენე ნიჟარაძე.

გუშინ 10 დეკემბერს, ISFED-მა გააკეთა განცხადება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე