გული მწყდება, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღეს - იოსელიანი სტრატეგია აღმაშენებელზე

საქართველო, თბილისი - 19:14 | 10.12.2020
ნანახია: 763

მოქალაქეების გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილებას მანდატების უარის თქმასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება გინდოდეს და ამავე დროს სიას ანულებდე.

როგორც იოსელიანმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, მას გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილების გამო გული წყდება და მიიჩნევს ასეთი ტიპის ქმედებები "მოლაპარაკებების პროცესის ბოლომდე მიყვანას აზიანებს". ის ამბობს, რომ შეთანხმების ბოლომდე მიყვანა ბევრ პარტიას სურს, თუმცა მათ სითამამის დეფიციტი აქვს.

"ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დავაზიანოთ და არ შედგეს, მოდით პირდაპირ ვთქვათ მაშინ. თან მანდატზე უარს ვამბობ და არ შევდივარ, თან მოლაპარაკება მინდა, რომ მერე თუ მოვილაპარაკებთ, პარლამენტში შევიდე, ესე არ არის...ამ პროცესს უყურებს უამრავი ადამიანი, არ შეიძლება ამ ხალხს ორპირად ველაპარაკოთ, გიორგის არ ვგულისხმობ ახლა, მაგრამ პროცესი ასე ჩანს გარედან", - ამბობს იოსელიანი.

იოსელიანის თქმით, "ისინი იქნებიან ერთადერთები, ვინც ბოლომდე იბრძოლებს, რომ შეთანხმება ბოლომდე შედგეს.

"ვაშაძესაც უნდა შეთანხმების ბოლომდე მიყვანა და ბევრ სხვასაც. უბრალოდ უნდა ეყოთ სითამამე და ამაზე ილაპარაკონ. სითამამის დეფიციტი აქვთ...", - განაცხადა იოსელიანმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე