ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს პარლამენტში - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 14:01 | 09.12.2020
ნანახია: 585

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ევროპული საქართველო ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.

კაპანაძის შეფასებით, ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს და ამიტომ ესხმის თავს კოლეგა ოპოზიციურ პარტიას.

"ელისაშვილის ბრალდებები, რომ ჯერ ერთი, ვითომ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, რაც არ ყოფილა არასდროს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით, ძალიან სამწუხაროა. ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად. ეს მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა, რომ შევიდეს, უნდა თქვას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ რომ ქართველ ხალხს წაართვეს ნება თავისუფალ არჩევნებზე". - ამბობს კაპანაძე.

მან ასევე შეაფასა ელისაშვილის პარლამენტში შესვლასთან გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, თუ მოლაპარაკებებიდან "გაწიკწიკებულ" საარჩევნო წესებს გამოიტანს, პარლამენტში შევა.

"თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში და თქვას, რომ ეს არჩევნები კი ბატონო სამართლიანი იყო და ივანიშვილს "გაუპრავოს" ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას". – ამბობს კაპანაძე.

ელისაშვილმა დღეს, საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ევროპული საქართველო, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას, დეტალების გარეთ გამოტანასა და"ყველაფრის არევას" ცდილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე