რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება და შეთანხმების რესურსი არ ჩანს - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 21:07 | 08.12.2020
ნანახია: 439

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითზე ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება და შეთანხმების რესურსი არ ჩანს.

"დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, პატივს ვცემ ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ "ქართული ოცნების" პოზიციებს. "ქართულმა ოცნებამ" თავად ილაპარაკოს. მაგრამ შემიძლია ვილაპარაკო ჩვენს პოზიციებზე. მოლაპარაკებაზე არის 4 ძირითადი საკითხი, რაც ოპოზიციისთვის არის მნიშვნელოვანი, პირველი არის რიგგარეშე არჩევნები, მეორე პოლიტპატიმრები, მესამე საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციებს შორის და შეთანხმების რესურსი არ ჩანს. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისები იყო, რაც შეეხება მეოთხე საკითხს, აქ არსებობს საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური, სადაც შეთანხმება შესაძლებელია," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე