ერევანში ოპოზიციის ლიდერები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 12.11.2020
ნანახია: 785

სომხეთში საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციის ათი ლიდერი დააკავეს. მათ სამხედრო მდგომარეობის დროს აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა შორის არის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი.

ასევე დაკავებულები არიან პარალამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრი ედუარდ შარმაზანოვი და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის „დაშნაკცუტუნის“ წევრი იშხან საგათელიანი.

გუშინ ოპოზიციამ სომხეთის პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციები გამართა. დემონსტრანტებმა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენს და მისი გადადგომა მოითხოვეს. საგათელიანის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფაშინიანის გადადგომის საკითხს აქციის მონაწილეები გადაწყვეტდნენ.

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

დოკუმენტის პირველი სამი პუნქტის თანახმად:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი;

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს ქალაქ შუშაზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე