პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს - მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 11:31 | 12.11.2020
ნანახია: 598

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები პარლამენტში მხოლოდ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შევიდნენ. ამ თემაზე შეკითხვას მან მთავრობის ბრიფინგზე უპასუხა.

"დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში. ბიუჯეტის აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, პანდემიისა და კრიზის პერიოდში, როგორც არასდროს.

თუ, ღმერთმა დაიფაროს და ბიუჯეტის მიღება არ ხდება, ავტომატური მოდელი ერთვება და არ არის ეს კარგი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ბიუჯეტი, იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტზე და სწორ განაწილებაზე 2021 წლისთვის, ბევრი რამ არის დამოკიდებული, პრაქტიკულად ადამიანების სიცოცხლიდან დაწყებული, ბევრის არსებობასა და ყოფას ეხება და ამ დისკუსიაში მონაწილეობა ყველას ვალია. არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება და ლეგიტიმაცია, როგორც ახლა.

როცა ამბობენ, მათ შორის ოპოზიციიდანაც ისმის, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა-არ დანგრევა გადის იმაზე, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, თანაც აქტიური", - თქვა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მომავალი ბიუჯეტიც 4,3%-იანი ზრდის ფარგლებში დაიგეგმება და განახლებული ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში 30 ნოემბრამდე წარადგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე