ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 22:53 | 11.11.2020
ნანახია: 550

საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თითქმის მომზადებული დიალოგის დაწყების პროცესი ჩაიშალა, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.

"ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ. რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს არ შველის. ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად. როგორც დიპლომატიური პროცესი, ისე უნდა დაიწყოს (მოლაპარაკება მთავრობასთან). არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, ფასილიტატორები. რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემ თავსაც გავუმეორო, ეს ადამიანები ასე ვთქვათ, თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ხართ ერთნაირები", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ გუშინ ორი განცხადება გაავრცელა. პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების რეაქცია მოჰყვა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

ამ განცხადებაში ის ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით  სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე