ლოკდაუნის შემთხვევაში მოიკლებს კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რაოდენობა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველო, თბილისი - 21:19 | 11.11.2020
ნანახია: 632

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას შეამცირებს.

ცერცვაძის განცხადებით, ე.წ. ლოკდაუნის არ გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 000-მდე გაიზრდება.

"ლოკდაუნის გამოცხადების შემთხვევაში გამოწვევასთან გამკლავება იქნება უფრო მოკლე დროში და უფრო იოლი. ამას ახლავს ნეგატიური მხარე მოსახლეობისთვის, რომელსაც მთელი რიგი თავისუფლებები შეეზღუდება, რასაც როგორც გაირკვა, ჩვენი მოსახლეობა მტკივნეულად იტანს. გარდა ამისა, მოხდება ეკონომიკის რესეცია, რაც აისახება მოსახლეობის ნაწილის ცხოვრების დონეზე. მოიკლებს სიკვდილიანობისა და შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ მოსახლეობა სხვა მხრივ დაზარალდება. ახლა მთავრობამ და თუ გინდაც ხალხმა უნდა აირჩიოს რომელი ურჩევნია და რომელი დააზარალებს ნაკლებად ქვეყანას. მე მაინც ასე ვხედავ ახლა, რომ ხალხის შეკვეთაა, არ იყოს ე.წ. ლოკდაუნი, ხალხის ნაწილის შეკვეთაა, მოდი ასე ვთქვათ. ძალიან ძნელი გადასაწყვეტი. მსოფლიოში ეს ცალსახად ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გადაწყვიტა", - აცხადებს ცერცვაძე.

დღეს საქართველოში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე