პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 11.11.2020
ნანახია: 407

მაიკ პომპეოს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან საქართველოს უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა აქვს სტრატეგიული ქარტიის ყველა დონეზე-თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთერთობის გაღრმავება.

ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკასთან მეტად ამბიციური გეგმები აქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ეწვევა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ვიზიტი განხორციელდება 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს პატრიარქს. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობას და უაღრესად ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ჩვენ უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს სტრატეგიული ქარტიის ყველა დონეზე-თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთერთობის გაღრმავება. ეს არის ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლის მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები. ყველაფერი ეს აისახა ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, პომპეოს ვიზიტი საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობას. ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად, ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. იმ სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს გარშემო და ბუნებრივია, საქართველოს როლზე. ჩვენ კიდევ ერთხელ, ამ ვიზიტით ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ს მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ცხადია, ვიმსჯელებთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულების გაღრმავების ძირითადი განზომილების მთავარი პრიორიტეტებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე