როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას უკავშირდება? - იან კელი

საქართველო, თბილისი - 20:41 | 10.11.2020
ნანახია: 619

საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ის აზერბაიჯანელებსა და სომხებს ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებას ულოცავს.

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც კავკასიაში კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას უკავშირდება და დასავლეთს ბლოკავს?", - წერს იან კელი მიკრობლოგ "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, დღეს სალომე ზურაბიშვილმა სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს კონფლიქტის დასრულება მიულოცა და ფასილიტატორებს შეთანხმების მიღწევისთვის მადლობა გადაუხადა.

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა გამო და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს.

მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

შეთანხმების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.

ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე