კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შევლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე - ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 20:17 | 10.11.2020
ნანახია: 455

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ევროპულმა საქართველომ, გირჩმა, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტზე, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში და არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურებში.

ბაქრაძემ ასევე აღნიშა, რომ დოკუმენტით, ეს 4 პოლიტური ძალა ადასტურებს, რომ აქციები იქნება მშვიდობიანი და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ დაუშვან პოლიციის ახლო კონტაქტი ადამიანებთან.

ბაქრაძემ ასევე მოუწოდა ყველა დემონსტრანტს, რომ არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში სამართალდამცავებთან, რადგან ეს იქნება მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესისგან გამიჯვნა.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს 4 ოპოზიციური პარტია მზად არის უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდნენ დიალოგში, რომელიც შეეხება საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.

"დღეს შედგა პოლიტიკური კონსულტაციები 4 ოპოზიციურ პარტიას შორის, ესაა ევროპული საქართველო, გირჩი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. ამ კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით სამ ძირითად პრინციპზე, რომლითაც ვაგრძელებთ ჩვენს ოპოზიციურ ბრძოლას.

პირველი, აქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, ჩვენ დავინახეთ, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციის ძალადობრივი დაშლით ამ ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის მზად არის ქვეყანა ჩაითრიოს ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამის პასუხი ჩვენგან იქნება ძალიან მტკიცე , განგრძობითი აქციები, ოღონდ ეს აქციები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. ჩვენი ძალა არის მშვიდობიან აქციებში, ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ შსს-ს, არ დაუშვას პოლიციის ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველა დემონსტრანტს, არ შევიდეს ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან., ვინაიდან, ნებისმიერი, ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პოლიტურ პროცესს.

მეორე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, არის ის, რომ ჩვენ რათქმაუნდა მზად ვართ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შევიდეთ დიალოგის პროცესში, მაგრამ დიალოგი შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ საქართველოში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემაზე, სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრაციით და ძალადობისაგან თავისუფალი გარემოთი, რაც გულისხმობს პოლიტპატიმრების გამოშვებას და ქვეყანაში ზეწოლისა და ძალადობრივი ჯგუფების დაშლას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შევლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

ეს სამი ძირითადი პრინციპი კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ოთხმა პოლიტკურმა პარტიამ, ამ დოკუმენტს უკვე გავაცნობთ სხვა პარტიებს და იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ ამ დოკუმენტში ასახულ ძირითად პრინციპებს", - განაცხადა ბაქრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე