8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო - საია

საქართველო, თბილისი - 13:54 | 10.11.2020
ნანახია: 578

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამართალდაცმავ ორგანოებს წინასწარ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დემონსტრანტების მცირე ნაწილის მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წყლის ჭავლი დაუპირისპირა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ უძღოდა მხოლოდ აქციის ერთეული მონაწილის მხრიდან რკინის ღობის მორღვევის მცდელობა, ხოლო დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამასთან, წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით. ასევე, შესაბამის ორგანოებს აქციის იმ მონაწილეებისგან, რომლებიც დამცავი ბარიერის გარღვევას ცდილობდნენ, ამ ქმედებების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. იმავდროულად, მათ არ გაუფრთხილებიათ დემონსტრანტები ძალის გამოყენების შესახებ. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

მოგვიანებით, აქციის მიმდინარეობისას, საათზე მეტი დროის განმავლობაში, სამართალდამცველები შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასაშლელად ძალას გამოიყენებდნენ. თუმცა, ამ პერიოდშიც აქციის მონაწილეების უმეტესობა პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და კანონს მხოლოდ მცირე ნაწილი არღვევდა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი კვლავ გამოიყენა", - აცხადებენ საია-ში.

საია-ს განცხადებით, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აღიარებული და გარანტირებული უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი, ამასთან, შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ შსს სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად აეცილებინა თავიდან იმ დემონსტრანტების დაშლა და დაზიანება, რომლებიც არ იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულნი. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არალეგიტიმური იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს:

შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:

- დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე;

- უზრუნველყოს გამოძიების წარმართვა ეფექტიანად და გონივრულ ვადაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- აქციებზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არალეგიტიმური და არაპროპორციული გამოყენება;

- დემონსტრაციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათ მიერ საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება.

ხელისუფლებას და პოლიტიკურ ორგანიზაციებს:

- გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა და გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ.

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე