ყველა პოლიციელთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ - ივანიშვილი მოასწრებს გაქუსვლას და თქვენ უნდა იცხოვროთ საქართველოში - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 23:39 | 09.11.2020
ნანახია: 516

ჩვენ გვაქვს ყველა პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები საქართველოს მტერს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდემიმართვისას განაცხადა.

„ღია ტექსტით გელაპარაკებით. მათ შეუძლიათ ერთ ადგილზე კონცენტრაცია, გუშინ რაც მოხდა ცესკო-სთან სწორი იყო, რომ ლიდერებმა თავი აარიდეს ცესკო-სთან შეტაკებას. იქ იყო შეყრილი 800-900 ჩაფხუტიანი კოსმონავტი პატარა ტერიტორიაზე და ეს არის მათი ძირითადი ძალა. მათ ეშინოდათ, როგორც სერბეთში გააკეთა თავის დროზე ხალხმა, ხალხი მივიდოდა, გამოიტანდა ამ გაყალბებულ ბიულეტენებს და გადაყრიდა, მილოშევიჩი თავის დროზე ასე დაამარცხეს. ეტყობა ივანიშვილს ეს ვიღაცამ მოუყვა და ამიტომ გაამაგრა ცესკო. ჩვენ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გავუხსნათ მათ ბევრი ფრონტი. ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის პირადი ტელეფონი, ბევრმა თქვენგანმა იცის, სად ცხოვრობენ, ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს, უნდა გავუკეთოთ წარწერები – აქ ცხოვრობს, რატომ დამიჭირე, რატომ მცემე, რატომ მჩაგრავ, რატომ ემსახურები საქართველოს მტერს.

პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ყველას იცნობს, ჩვენ ყველა პოლიციელთან უნდა მივიდეთ და ვუთხრათ, ან თქვენ ხართ საქართველოს მხარეს, ან თქვენ ხართ საქართველოს მტრის მხარეს. ივანიშვილი ალბათ მოასწრებს გაქუსვლას და თქვენ უნდა იცხოვროთ საქართველოში. გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა ჩაიდინოთ, არავის ციხეში გაშვების სურვილი არ გვექნება, ნორმალური მთავრობის პირობებში, თქვენ შეგრცხვებათ, თქვენი შვილები და შვილიშვილები შერცხვებიან, რადგან თქვენ ართმევდით სხვის შვილებს, შვილიშვილებს და საკუთარსაც მომავალს. რაღაც გროშების ხარჯზე, რომელსაც გიგდებთან ივანიშვილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე