ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 21:45 | 09.11.2020
ნანახია: 497

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა, ამბობს, რომ ამაღამ რუსთაველის გამზირზე დარჩება და დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილება.

მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, კომენდანტის საათი არავის გამოუცხადებია, ახლა კი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და საზოგადოების თავისუფლებას და გამოხატვის უფლებას ზღუდავს.

"გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსებას შეგიწყვეტთ, თუ არ შემოხვალთ ამ გაყალბებულ არჩევნებშიო. გვაშანტაჟებენ და გვეუბნებიან, ათას რეგულაციას დაგიწესებთ, სამუშაოებს წაგართმევთ, გავყინავ ეკონომიკას, ოღონდ მე დავრჩე ძალაუფლებაშიო, ოღნდ მე ვიყო ხელისუფლებაშიო 2030 წლამდე", - ამბობს უგულავა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერები ამაღამ რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.

"მე ვაპირებ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, იმიტომ რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას - ამბობს უგულავა.

ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებს.

აქციაზე რჩებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა მოსახლეობას ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

22:00 საათიდან დილის 5 საათამდე დედაქალაქში გადაადგილება იკრძალება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე