ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა - ცესკო

საქართველო, თბილისი - 18:46 | 09.11.2020
ნანახია: 356

ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიებში, – ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმიანება.

ცესკოს განცხადებით, 2020 წლის საარჩევნო პროცესები ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, კონკრეტული პოლიტიკური მხარეები კი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს ხელს უშლიან.

"გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოქალაქეები წარმოადგენენ და ეს ინსტიტუცია სწორედ ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველ რიგში ემსახურება ხალხს და წლებია ამ ინსტიტუციას წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა დამსახურებაცაა ის საერთაშორისო აღიარება, რაც რეგიონში გამორჩეულს ხდის ამ ადმინისტრაციას.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას.

და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში". – წერს ცესკო.

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციაზე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა.

შემდეგ საპროტეტსო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს.

მაშინ, როდესაც ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. ადგილზე მლობილიზებული იყო სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. სამარათალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს. დაშავდა 13 სამოქალაქო პირი. 19 ადამიანი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე