ჩვენ ნიკა მელიას გვერდით დავუდგებით, რას იზამს, ყველას დაგვიჭერს? - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 14:02 | 03.11.2020
ნანახია: 555

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ნიკა მელიას გვერდით დაუდგება. ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა პროკურატურის გადაწყვეტილებას, სასამართლოსთვის მიემართა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვით თაობაზე.

"ბურჯანაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავებით, მუხტი უფრო აიწევა და პროცესები დაჩქარდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა მიხვდა, რომ ძალიან მძიმედ აქვს საქმე და შეეცდება, რომ დიქტატურა დაამყაროს, რაც უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ რაც მეტად შეეცდება ამის გაკეთებას, მით მალე დაამთავრებს ხელისუფლებაში ყოფნას.

ნიკა მელიას სამაჯური იყო თავიდანვე უკანონო, ეს იყო თავიდანვე პოლიტიკური დევნა, უსინდისო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო. შესაბამისად, ჩვენ ნიკა მელიას გვერდით დავუდგებით, მასთან ერთად ვიქნებით. რას იზამს, ყველას დაგვიჭერს? არ არის პრობლემა.

ივანიშვილს თუ გონია, რომ ამ თაღლითობას საქართველოს მოსახლეობა ან მსოფლიო აპატიებს, ძალიან ცდება. ბევრია რამეა გაკეთებული თქვენს მიერ ბატონო ბიძინა თაღლითობით, მაგრამ ასეთი სუპერმასშტაბის თაღლითობა არ გამოვა.

თუ შეეცდებით მელიას დაჭერას უარესი იქნება, მუხტი კიდევ უფრო აიწევა, დაჩქარდება პროცესები, ყველას დაგვიჭერთ? არც ეგ არ არის პრობლემა, თითო-თითო ადამიანი ჩვენს უკან დარჩება ვინც ბრძოლას გააგრძელებს და ყველა ერთად გამოვალთ, თქვენ კი მოგიწევთ ძებნა, სად წახვიდეთ", - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

კვირას, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და მომიტინგეებს შორის გადააგდო.

"აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენს გვერდით იმ ბრძოლაში უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო. ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ", - თქვა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე