"ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რომ არ შევიდნენ პარლამენტში - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:07 | 02.11.2020
ნანახია: 404

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სხვა პარტიებზე ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს, რათა არ შევიდნენ პარლამენტში.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია - პარტიები, რომელიც დამოუკიდებლად, მათ გარეშე შევიდნენ პარლამენტში, არ უნდა დაექვემდებარონ ნაც.მოძრაობის პოლიტიკურ შანტაჟს და გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელიც მათმა მხარდამჭერებმა მისცეს არჩევნებში. ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი, თავი დააღწიონ ნაციონალური მოძრაობის მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ", – ამბობს თალაკვაძე.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს.

„ყველამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგებს, რომელიც სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, როგორც კონკურენტული არჩევნების შედეგი. ჩვენ მზად ვართ და ველით თანამშრომლობას ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან ახალ პარლამენტში". – ამბობს თალაკვაძე.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%. ქართულ ოცნებას 48.15% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას – 27.14%, ევროპულ საქართველოს – 3.78%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე