ცესკომ უბნების 8%-ში ხმები უნდა გადათვალოს - სამართლიანი არჩევნები

საქართველო, თბილისი - 16:46 | 01.11.2020
ნანახია: 363

სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანაგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა, რაც გულისხმობს ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

„ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან", - წერია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნები წერს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა დათვალოს შედეგები იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

"მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - წერია ანგარიშში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე