დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:45 | 01.11.2020
ნანახია: 410

ეს ქურდობა, ეს თავხედობა, ეს დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც Facebook გვერდზე გაავრცელა.

“ჩემი აზრით, ძირითადად ივანიშვილს აწყობს ეს ნარატივი, რომ ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50-ლარიანები და როგორც ყოველთვის, გაყიდეს თავისი მომავალი, მაგრამ ეს ასე არაა. ქართველმა ხალხმა გუშინ უარი უთხრა აბსოლუტური უმრავლესობით ივანიშვილს. მერე ივანიშვილმა ბანალურად ღამე მოიპარა გამარჯვება, გადაწერა ოქმები.

მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, დავანებოთ თავი უფროს თაობებს, თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი? ახლა თუ ამათ პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გაეცა მთელი სიმკაცრით, საზოგადოებრივი რეაქციით, საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი სამშობლო და როგორც ქვეყანა, სადაც დემოკრატიის რაღაც ნიშანი მაინც არის, წყვეტს არსებობას და ბოლომდე ვხდებით რუსეთის რაღაცა საზიზღარი, ბოლო კლასის პოლიტიკური დანამატი და წარმონაქმნი.

გავრილოვის ღამეს თქვენ იბრძოლეთ და დაანახეთ მთელ მსოფლიოს საქართველოს ღირსება, თქვენ არაერთხელ დაანახეთ საქართველოს ღირსება მთელ მსოფლიო. ახლა არის ეს მომენტი, პოლიტიკოსების გულისთვის არა, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გულისთვის ამოვიღოთ ყველამ ხმა. ეს ქურდობა, ეს თავხედობა, ეს დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. პასუხი უნდა იყოს სწრაფი, მყისიერი, მძლავრი, ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ და მე ვიცი, რომ თქვენც იცით. საქართველო ახლა ძალიან დიდ საფრთხეშია. გთხოვთ, ყველამ ამოვიღოთ ხმა“, - ამბობს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე