„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დავალება, გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:13 | 31.10.2020
ნანახია: 357

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უბნებზე დაატარებს.

„ბოლო დღეებში მართლაც საცერივით გამოდის ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, ჩაეშალათ დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე. ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, ჩვენც ამის მითითება მივეცით, რომ გაეკონტროლებინათ, ვინმეს ასეთი ინფორმაცია არ გაევრცელებინა. მოხდა ერთი ფაქტი, „ტვ პირველის“ ეთერში, როგორც ჩანს ამ მიზნით, ჩაერთო ლაითურის საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელმაც განაცხადა, თითქოს, ლაითურის საარჩევნო უბანზე მიიყვანეს თვითიზოლაციაში მყოფი პირები. საუბარია დავითაძეების ოჯახზე, რომლებიც მართლაც იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ორი დღის წინ გაუვიდათ იზოლაციის ვადა. რომ შეაშინონ ამომრჩევლები, თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები ფიქსირდებიან უბნებზე, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ტყუილი. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჟურნალისტს, ნუ ჩაებმებიან იმ სქემაში, რომელზეც წინა სამი-ოთხი დღის განმავლობაში დეტალური ინფორმაცია მოგაწოდეთ. ერთი მართალი ინფორმაცია არ გასულა დილიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე