ადამიანურად დამწყდა გული - გიორგი გახარია ბუბა კიკაბიძეზე

საქართველო, თბილისი - 17:03 | 30.10.2020
ნანახია: 411

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის" აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებულ "თბილისოს" შესახებ, რომლის ნაწილიც რუსულად გაჟღერდა, კომენტარი გააკეთა.

"ორ რამეს ვიტყვი, პირველი რომ უაღრესად, ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით რატომ. მეორე - ქვეცნობიერია ხალხო, ჩვეულებრივი ქვეცნობიერია. სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, რომ გამოსულიყო და რაიმე კომენტარი გაეკეთებინა. ერთი ამბავი რომ ატყდა, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში.

რაც შეეხება რატომ დამწყდა გული, ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ესაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, როცა ცალკე აღებული ადამიანის ინდივიდუალური ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ. შემდგომ რაც წლების განმავლობაში შეუქმნია რეპუტაცია და ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში... სამწუხაროდ, ასე ვაფასებ ამას.

გუშინდელმა აქციამ გამომსვლელი ხალხის დონეზეც დამარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილება უნდა დაიწყოს და ეს პოსტსაბჭოთა, საბჭოური პოლიტიკური ელიტა, რომელიც 30 წელია ქვეყანამ ვერ მოიშორა, უნდა დამთავრდეს. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პოლიტიკაში, პროდასავლური განათლებით და არა ის, რაც გუშინ ვნახეთ რუსული ნარატივებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე