კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 11:43 | 15.10.2020
ნანახია: 462

დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

„საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. გვყავს მძიმე პაციენტებიც, ასევე ინფიცირებულები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე პაციენტი არ გვყავს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე