მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის

საქართველო, თბილისი - 15:03 | 14.10.2020
ნანახია: 1759

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმიანება.

მეუფე მელქისედეკი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის

"მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება, ამიტომ მე იმას ვამბობ, რომ მაგალითად, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა, არ ვიცი, რა ხდება, ამავდროულად საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია. ვინაიდან 2014-ში ეს ყველაფერი იცოდნენ, 6 წლის განმავლობაში რატომ დუმდნენ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ 6 წელია იცოდნენ თუ რამე იცოდნენ, მე ვერ გავიგე რა არის ამ რუქებში", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა შეგნებულად არ ხელმძღვანელობდნენ რუკის იმ ვერსით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის გავლება საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე