დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველო, თბილისი - 13:00 | 18.01.2016
ნანახია: 1732

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს - ჯონ რეიდერსა და ბენ ფარსერს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკიც დაესწრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. კონგრესის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. შოთა ღვინერიამ სტუმრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები გააცნო. კონგრესის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით ხელს შეუწყობენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონგრესი ნატოში ინტეგრაციასა და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით საქართველოს მხარს კვლავ დაუჭერს.

შოთა ღვინერიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკულმა მხარემ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მრჩეველმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი საშუალება, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ეს ვიზიტი, სწორედ, ამის დადასტურებაა. საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ხელმძღვანელობასთან ჩაიტანენ იმ გზავნილებს, რომლებიც თბილისში მიიღეს და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კონგრესი კიდევ უფრო აქტიური მხარდამჭერი იყოს.“




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე