ნორვეგია ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 25.09.2020
ნანახია: 689

ნორვეგია ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიაჩნია, რომ ლუკაშენკას ნახევრად საიდუმლო „ინაუგურაცია“ ცერემონიას ლეგიტიმურობას არ ანიჭებს და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი Twitter-ზე წერს.

 „ნახევრად საიდუმლო „ინაუგურაცია“ ლეგიტიმურობას არ იძლევა. ლუკაშენკას „ინაუგურაცია“ ბელარუსში პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ აღრმავებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას თავი შეიკავოს ძალადობისგან და ოპოზიციასთან სერიოზული დიალოგი დაიწყოს. არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი“, - წერს ჰალვორსენი.

ბელარუსში არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.

ქვეყანაში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ხელისუფლება აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას იყენებს და ასობით ადამიანს აკავებს.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე