სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ თავისი რეალური სურვილი არ გამოეჩინა - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 21.09.2020
ნანახია: 649

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თავის სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება. მისი თქმით, სააკაშვილი ხალხს წარსულს სთავაზობს, როცა ქვეყნის პირველ პირად კვლავ საკუთარ თავზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. სამწუხაროდ, ის რასაც გვთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის უკვე წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუსკვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ამ ქვეყანას სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი პარტია თავის მიმართებებში და სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ სააკაშვილის იმ განცხადებაზე საპასუხოდ, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე „ნაციონალური მოძრაობა“ და ბიძინა ივანიშვილია.

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 20 სექტემბერს, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში ვერ ხედავს.

ამასთან, დღეს სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართა. ის სურვილს გამოთქვამს, რომ ხმები რომელიც ენმ-სთან არ წავა, ამ არჩევნებზე, გადანაწილდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე