დღეიდან ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორი ხდება საზოგადოება, რომელიც უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი კონცეფციის სამუშაო ჯგუფში

საქართველო, თბილისი - 16:25 | 13.01.2016
ნანახია: 1329

აჭარის მთავრობის გადაწვეტილებით, დღეიდან ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის ავტორი ხდება საზოგადოება, ბათუმელები, რომლებიც უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი ბულვარის განვითარების კონცეფციის სამუშაო ჯგუფში. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმელებისგან დაკომლექტებული კომისიის პირველივე შეკრებისთანავე შესაძლებელი ხდება კონცეფციაში ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება.

„კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე შესაბამისი აქტების საფუძველზე შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა. მიმდინარე სამუშაოები კი დასრულდება იმ ფორმით, რომ საფრთხე არ შეექმნას 2016 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს. თუკი კომისია დაასკვნის, რომ დღესაც არსებობს ამ სამუშაოების შეცვლისა და თავდაპირველი მდგომარეობის დაუყოვნებლივ აღდგენის სამართლებრივი შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაშიც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები”, - აღნიშნულია რეგიონის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღშანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება ბათუმის ბულვართან დაკავშირებით დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და ბათუმელებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების წევრებთან უშუალო კომუნიკაცია და იმ პრობლემების განხილვა, რომელიც ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს თუ სამომავლო კონცეფციის შემუშავებას ეხება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თავიდანვე არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა ბულვარში დაგეგმილი ცვლილებებისადმი და მათი აზრის გათვალისწინება. ეს ასეც მოხდა - „დაიცავი ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფის წევრ ბათუმელებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე განხორციელდა.

„მსგავსი შეხვედრა იმართება დღესაც, იმისათვის, რომ განისაზღვროს სამომავლო გეგმები, რომლებიც ბათუმისა და ბათუმელების ინტერესებთან იქნება თანხვედრაში. კერძოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სთავაზობს საინიციატივო ჯგუფს ერთი კვირის ვადაში განსაზღვროს და წარმოადგინოს თავიანთი წევრები ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავების სპეციალურ კომისიაში. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმელების ნდობით აღჭურვილი წევრების კომისიაში მუშაობა უკვე ნიშნავს კონცეფციის შეცვლის შესაძლებლობასა და სასურველი მიმართულებით წაყვანას, რადგან ისინი ამ კომისიაში უმრავლესობით იქნებიან წარმოდგენილნი. შიშისა და ეჭვების აღმოსაფხვრელად, ახალი შემადგენლობის კომისიას შეეძლება პირველივე შეკრებაზე განიხილოს კონცეფციის წარმოდგენილი ვერსია და ცვლილებები შეიტანოს სპეციალური აქტის მიღებით. უფრო მეტიც, კომისიის ახალ შემადგენლობას მიღებული კონცეფციის შესრულების მონიტორინგის წარმოების უფლებაც მიენიჭება, რაც საზოგადოების სრულ ჩართულობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს”, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე