2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 13.01.2016
ნანახია: 1564

2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  1036,1 ათასი ტონა, რაც 132.6 ათასი ტონით ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის  იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა).

მათ შორის, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  441.0  ათასი ტონა (67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 595.1 ათასი ტონა (65,5 ათასი ტონით მეტი 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 297,3 ათასი ტონა ანუ 67,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 134,2 ათასი ტონა ანუ 30,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,5 ათასი ტონა ანუ 2,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 251,3 ათასი ტონა ანუ 42,2%, L-62 დიზელის საწვავი - 342,3 ათასი ტონა ანუ 57,5%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,3%.

„ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,0%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა – 24,6%;  ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა – 17,2%;  რუსეთი - 101,8 ათასი – 9,8%, თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა – 8,3%, საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა– 8,2%; ისრაელი - 8,0 ათასი ტონა ანუ 0,8% და სხვ“, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაერთიანების ინფორმაციითვე, 2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 86,4  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 9,2 ათასი ტონით ანუ 10.6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 85,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე