ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 15.09.2020
ნანახია: 686

რუსი ოპოზიციონერი და კრემლის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას და თავისი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

 ცოტა ხნის წინ ბერლინის კლინიკა Charite-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს და საწოლიდან ადგომაც შეუძლია.

 „ის გერმანიაში ემიგრირებას არ აპირებს. მას სურს სახლში - რუსეთში დაბრუნება და თავისი საქმიანობის გაგრძელება“, - განუცხადა გამოცემას გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ნავალნი სრულად აცნობიერებს თუ რა მდგომარეობაშია, რა მოხდა და სად იმყოფება.

ალექსეი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენის დროს, გახდა. თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ომსკის აეროპორტში მოახდინა. ოპოზიციონერი კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 22 აგვისტოს იგი გერმანიაში, ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

2 სექტემბერს გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკი", რომელიც პირველად სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დროს გახდა ცნობილი, 2018 წლის მარტში.
რუსეთის ხელისუფლება მტკიცედ უარყოფს ნავალნის მოწამვლასთან რაიმე სახის კავშირს.

ნერვული აგენტი "ნოვიჩიკი" თავდაპირველად საბჭოთა ლაბორატორიებში შეიქმნა, მოგვიანებით იგი განავითარეს რუსმა მეცნიერებმა. საწამლავი ანადგურებს ადამიანის ნერვულ სისტემას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე