ბათუმში კომპანია "ნოვას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:19 | 09.09.2020
ნანახია: 394

COVID-19-ის დადასტურების გამო ბათუმში მდებარე ნოვას მეგაცენტრმა მუშაობა შეაჩერა. კომპანის "ნოვას" ინფორმაციით, ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა.

"კომპანია ნოვა კოვიდ-ინფექციის გავრცელების პირველივე დღიდან რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მეგაცენტრში, დადასტურდა თანამშრომლის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა. ინფიცირების წყარო ჩვენთვის უცნობია.
ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიური სამსახურის ჩართულობით ლოკაციაზე მიმდინარეობს მომუშავე პერსონალის ტესტირება და კონტაქტების კვლევა.
დაინფიცირებული თანამშრომელი 6 სექტემბრის შემდეგ სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ 6 საათის განმავლობაში, რა დროსაც დაცული და გაკონტროლებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კოვიდ-19-ის პირობებში, თანამშრომელთათვის დადგენილი რეგულაციები, რაც პრაქტიკულად ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
დღეს, თანამშრომელთა ტესტირების დასრულებისთანავე, რომლის შედეგებიც ხვალისთვის გახდება ცნობილი, უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ობიექტზე დაიწყება სადეზინფექციო სამუშაოები. 11 სექტემბრიდან კი ბათუმის მეგაცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს", აცხადებენ კომპანია "ნოვაში".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე