"პატრიოტთა ალიანსთან" არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:41 | 01.09.2020
ნანახია: 572

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ თანმიმდევრულნი. „ქართულ ოცნებას“ არ ჭირდება ისეთ ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულს სესიაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ის მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გასარკვევია პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. მისივე თქმით, რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მათ არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც აქ შტურმით შემოვარდნას და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა.

„მე მივესალმები სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე გასარკვევია მათ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი. მე მქონდა მოლოდინი, რომ ბატონი გიორგი ლომია აქეთ იერიშზე კი არ გადმოვიდოდა და მიუღებელი ფორმით კოლეგების მიმართ შეურაცხყოფას კი არ დაიწყებდა, არამედ ახსნიდა პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას და რა მიზნით. ეს არის აუცილებლად გასარკვევი და ამას უნდა გაეცეს პასუხი. ასევე ბატონი ლომია რომ ამბობს იმას, რომ თურმე ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში ძალიან ხისტი პოზიციით გამოირჩევიან, ხომ არ შევახსენოთ „პატრიოტთა ალიანსს“ ის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ბატონი ნიკანორ მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც ერთი მხრივ ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, არ დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც აქ შტურმით შემოვარდნას და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა. ეს არის თქვენი თანამშრომლობა, ფაქტი და მოცემულობა“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე