სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, დავაბუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე აგოს პასუხი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:19 | 01.09.2020
ნანახია: 510

სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, დავაბუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს რვა წლის თავზე გაახსენდა ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა.

„დღეს სამწუხაროდ, 12 პროცენტით „ნაციონალური მოძრაობაა“ მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. მას რვა წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი ქართული სასამართლოს მიერაა დამტკიცებული და ნაწილი – სტრასბურგის სასამათლოს მიერ", - აღნიშნა კობახიძემ.

ასევე კობახიძე ამბობს, რომ სააკშვილმა ნამდვილი ღალატი ჩაიდინა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია გაუფორმა.

"ეს დანაშაულებია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი ხელმძღვანელობით, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა და შემდეგ ნამდვილი ღალატი ჩაიდინა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, რუსეთის ფედერაციას ოკუპაცია გაუფორმა. ეს იყო სხვა არაფერი, თუ არა ღალატი. გარდა ამისა, როდესაც მაგალითად, „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზას დააგებ და საზოგადოებას ცხრა წლის განმავლობაში ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც, ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას “. ასევე, როდესაც, მაგალითად, უგულავასთან და სხვებთან ერთად, ასეულობით მილიონს მოიპარავ და გახსოვთ, რა მასშტაბებს აღწევდა კორუფცია, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც მას ვერ ეპატიება, მით უმეტეს, ვერ გახდება მისი საარჩევნო მხარდაჭერის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა ამ დანაშაულებზე პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს.

„მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, დავაბუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე დღის წინ თავის კლიპში განგვიცხადა“, – განაცხადა კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე