საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია

საქართველო, თბილისი - 21:09 | 29.08.2020
ნანახია: 618

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

"თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი", - ნათქვამია განცხადებაში.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

11 წლის მოზარდი თერჯოლაში ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკავებულია მოზარდის მამა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

გარდაცვლილი მოზარდის ბებია, ნათესავები და მეზობლები აცხადებენ, რომ მამა ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე