ვთხოვ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან - 11 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბებია

საქართველო, თბილისი - 17:04 | 29.08.2020
ნანახია: 621

11 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, აუგონ წესი მის შვილიშვილს.

"ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს", - ამბობს გარდაცვლილის ბებია.

გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ უნდა იმსჯელოს.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა. მას სასამართლომ 26 აგვისტოს პატიმრობა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე