2015 წელს აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 1.7 %- ით, ხოლო შიდა ტურისტების - 4.4 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 12.01.2016
ნანახია: 1966

2015 წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობა 444 ათასამდე განისაზღვრა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი განმარტავს, დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, აჭარის მასშტაბით რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით ტურისტების 2,78 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც წლის განმავლობაში რეგიონში შემოსულ 443 667 ტურისტს გულისხმობს.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს აჭარა 265 492 უცხოელმა და 178 175 შიდა ტურისტმა მოინახულა, რაც წინა წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების 1.7 %- იან, ხოლო შიდა ტურისტების 4.4 % -იან ზრდას გულისხმობს.

ქვეყნების მიხედვით აჭარაში გამოკვეთილია ის ქვეყნებიც, საიდანაც რეგიონს 2015 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა. პირველი ხუთეული წლის განმავლობაში უცვლელი იყო და ის ასე გამოიყურება: თურქეთი +1,2 (78 633), აზერბაიჯანი +0,2 (47 821) , რუსეთი +1,6 (31 827) , უკრაინა +1,5 (24 587) და სომხეთი +0,7 (21 193).

„თუკი გავითვალისწინებთ, ჩვენი სამიზნე ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, ვფიქრობ არსებული სტატისტიკური მონაცემები სავსებით ნორმალურია. ჩვენი სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსები ობიექტებისა და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა მიმდინარე წელს დავიწყებთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვას დეპარტამენტში, რომელიც რეგისტრირებულ (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები) და არარეგისტრირებულ (კერძოდ განთავსების ობიექტების) სექტორში ახალი მეთოდოლოგიით სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შემდგომ ანალიზს ითვალისწინებს. ჩვენ ასევე ვაპირებთ ტურისტული ბაზრის კვლევას, რომელიც შიდა სამომხმარებლო ბაზრისა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს მოიცავს,“ განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2015 წელს, ბათუმის აეროპორტში 2014 წელთან შედარებით ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა (77 447 უცხოელი ვიზიტორი).

აეროპორტში შემოსულ ვიზიტორთა მიხედვით შესაძლებელია ქვეყნების პირველი ექვსეულის გამოყოფა: უკრაინა 18 830, რუსეთი 16 076, თურქეთი 10 244, ისრაელი 9 888, ბელორუსია 6 776 და პოლონეთი 5 428.

 

                                                                        

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე