თუ თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ეს ღვთის გმობაა - თერჯოლის მიტროპოლიტი 11 წლის ბიჭზე

საქართველო, თბილისი - 16:50 | 29.08.2020
ნანახია: 666

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ თერჯოლაში 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა, მისთვის წესის აგება ვერ მოხდება. ამის შესახებ მიტოპოლიტმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

მეუფე გიორგის თქმით, ეკლესია გამონაკლისს ვერ დაუშვებს.

"არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა," - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

როგორც "რუსთავი 2" იუწყება, ოჯახი და სასულიერო პირები მომხდარზე ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

11 წლის მოზარდი თერჯოლაში ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკავებულია მოზარდის მამა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

გარდაცვლილი მოზარდის ბებია, ნათესავები და მეზობლები აცხადებენ, რომ მამა ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე