დაკავებული ექიმები დამნაშავეები არ არიან - ვაჟა გაფრინდაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:37 | 05.08.2020
ნანახია: 707

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებული თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

სასამართლო სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, რომელიც აქციაზე იმყოფება, ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც სამედიცინო ჩარევას აკეთებდა, ტრავმატოლოგ-ორთოპედიაში ლიცენზიის არქონას ედავებიან, თუმცა ეს ლიცენზია იმ კონკრეტული ჩარევისთვის საჭირო არც არის, რადგან მას რადიოლოგი ახორციელებს. მეორე ბრალდებულს კი, უბრალოდ, საბუთი ჰქონდა გასაახლებელი, რომელსაც გამოცდის ჩაბარება არ სჭირდებოდა.
"2 დღის წინ ჩვენი 2 კოლეგა სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დააკავეს. 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ დადგენილება გამოიტანა, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი. დაკავებული ექიმები დამნაშავეები არ არიან და მათი თავისუფლება ვინმესთვის საშიში არ იქნებოდა.

ჩემი კოლეგები თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არც სურვილი არ ჰქონიათ, რომ სადმე გაქცეულიყვნენ. თუ მათ მოწმეებზე ზეწოლა და საბუთების გაყალბება უნდოდათ, წელიწად-ნახევარი ჰქონდათ ამისთვის, მაშინ თავიდანვე უნდა დაეკავებინათ. დღეს, როდესაც გამოძიება დასრულებულია, მათ დაკავებას აზრი არ აქვს. ალბათ შიგნით სისტემაში შეუთანხმებლობაა ან ვიღაცის თავის გამოჩენა სურს“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამოძიების ცნობით, საავადმყოფოში ერთერთ პაციენტს ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მოჰყვა და ის დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე