დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები დასრულდება ოცნების დამაჯერებელი წარმატებით - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 15.07.2020
ნანახია: 436

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძვანელი, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები ოცნების დამაჯერებელი წარმატებით დასრულდება.

მისი თქმით, პარტიის საარჩევნო კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაჟორიტარების სია შესაძლოა ერთ კვირაში გამოაქვეყნონ, ხოლო პარტიულ სიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები დასრულდება ოცნების დამაჯერებელი წარმატებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია ხედვებთან დაკავშირებული - ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება მომავალზე აგებული, როგორ ხედავს საზოგადოება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებას - ეს აინტერესებს საზოგადოებას და არა ის კინკლაობა.

ჩვენი კამპანია იქნება პრინციპულად პოზიტიური - იქნება აგებული სამომავლო გეგმებზე და ამის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. რაც შეეხება ოპოზიციას: მათაც უნდა ჰქონდეთ პოზიტიური კამპანია - ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი.

დიდი ხანია საარჩევნო სიაზე დაწყებულია მუშაობა. მაჟორიტარების წარდგენას ვფიქრობთ მალე - შეიძლება, ერთ კვირაშიც გაკეთდეს. რაც შეეხება სიას - მისი წარდგენის ვადა არის, თუმცა ახალი სახეების პრეზენტაცია მოხდება პერიოდულად. ვადა არის სექტემბრამდე, მაგრამ ამას წინ გავუსწრებთ. დღეს ვერცერთ გვარს ვერ დავასახელებთ - როცა პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, დავასახელებთ მაშინ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე