ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც აფხაზეთთან გვაერთიანებს - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 15.07.2020
ნანახია: 509

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდიდან მიულოცა.

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული - ვლაქერნობა, რომელიც მართლაც უდიდესი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა ის ორი წმინდა ადგილია, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს.

ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწრონ ვლაქერნობის დღესასწაულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ღვთისმშობლის კვართი ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რელიგიური ტურიზმის მიმართულებას და ამაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საპატრიარქომ უნდა იმუშაოს, რაზეც მათ პრეზიდენტის სრული მხარდაჭერა ექნებათ.

"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც უნდა ჩამოვიდნენ არამხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არამხოლოდ აქ. ძალიან ბევრი წმინდა ადგილია საქართველოში და ჩვენი ქვეყანა შეიძლება რელიგიური ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.

ამაზე უნდა იმუშაოს ტურიზმის სააგენტომ და საპატრიარქომ, რასაც ჩემი ყველანაირი მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე